ქეთევან ციხელაშვილი - ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქარძმანის, ახალგორის მიმართულებით გაიხსნას გადასასვლელი
ქეთევან ციხელაშვილი - ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქარძმანის, ახალგორის მიმართულებით გაიხსნას გადასასვლელი

ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს მშვიდობით, განვითარებით, ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკით, ადამიანებზე ზრუნვით, რასაც გავაგრძელებთ და აუცილებლად მოიტანს შედეგს ,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის  გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იკეტება ღიად დარჩენილი ერთდაერთი გადადასვლელი – ქარძმანი-პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი.

ციხელაშვილის თქმით, გადაადგილების შეზღუდვა, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობას ქმნის.

„საუბედუროდ, პირველად არ ხდება, რომ ცხინვალის მიმართულებით გადაადგილება სრულად იზღუდება სადღესასწაულო დღეებში, მაშინ, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გადაადგილების თავისუფლება. თუმცა თითქმის უკვე მეოთხე თვეა, რაც მთლიანად მთელი რეგიონის მოსახლეობას, ქართველებსა და ოსებს, განსაკუთრებით კი ახალგორელებს ეზღუდებათ გადაადგილება სრულად და ეს ქმნის ძალიან მძიმე მდგომარეობას რეგიონში. დღეს ამაზე საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია და ის, რომ ყოველდღე ადამიანები გამყოფი ხაზების და მავთულხლართების, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, უმძიმეს პრობლემებს და გამოწვევებს აწყდებიან. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, რომელსაც  ვპასუხობთ ევროპული არჩევანით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს მშვიდობით, განვითარებით, ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკით, ამ ადამიანებზე ზრუნვით და აუცილებლად გავაგრძელებთ, რაც მოიტანს შედეგს“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ღიად დარჩენილი ერთდაერთი გადადასვლელის ჩაკეტვით კიდევ უფრო აშკარა ხდება საოკუპაციო რეჟიმის სახე.

„როგორც ჩანს, ადამიანების ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არაფრად აგდებს“,- დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის თქმით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი მძიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც სადღესასწაულო დღეებში ერთადერთი ღია პუნქტის ჩაეკეტვას უკავშირდება. მინისტრის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქარძმანის, ახალგორის მიმართულებით აუცილებლად გაიხსნას გადასასვლელი.

„დაფიქსირებულია ის პოზიცია, რომ მიმოსვლა უნდა აღდგეს, შეტყობინება გაგზავნილია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შემდგომი რეაგირების მიზნით, რომ მათი მეშვეობითაც ეს კომუნიკაცია შედგეს. დღეს, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქარძმანის მიმართულებით, არამედ სწორედ ახალგორის მიმართულებით აუცილებლად გაიხსნას გადასასვლელი. ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს გადაწყვეტილება ადამიანების სასიცოცხლო ინტერესიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული. აქ საუბარია ჯანმრთელობაზე, საკვებზე, ოჯახებთან შეერთებაზე, ეს არის ადამიანების უმაღლლესი ინტერესი, არც ერთი გამართლება არავის მოქმედებას არ გააჩნია, რომელიც ამის წინააღმდეგ არის მიმართული“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.