ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნებით, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცოტათი მაინც დაგვაახლოვებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან
ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნებით, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცოტათი მაინც დაგვაახლოვებს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნიუ იორკში დავით ზალკალიანისა და სერგი ლავროვის შეხვედრას სწორ ნაბიჯს უწოდებს.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შვეიცარიის მხარის ორგანიზებული შეხვედრა განხილული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად, ომის გარეშე. საუბარი იმ ფორმატებში გაერო-ში მიღებული პრაქტიკაა. ჟენევაში ამასვე ვაკეთებთ, რომ პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ ვიცით, რა საკითხებზე ვსაუბრობთ და რისთვის ვსაუბრობთ. ეს საკითხები იყო ზუსტად განხილული საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გვქონდა. ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ და არ ვიქნებით. გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცოტათი მაინც დაგვაახლოვებს იმ ჰუმანიტარული პრობლემებისა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე.

„ვგულისხმობ მიმდინარე ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მოქმედებებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდ რისკს შეიცავენ და ქმნიან ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას. ბუნებრივია, მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრით შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები, არარეალისტურია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენება, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც შესაბამისად იქნა აღქმული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.