ქეთევან ციხელაშვილი - ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ახალი სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის კონკრეტულ გზებზე ვიმსჯელეთ
ქეთევან ციხელაშვილი - ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ახალი სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის კონკრეტულ გზებზე ვიმსჯელეთ

ევროკავშირი არის მთავარი აქტორი და ძალიან ბევრი როლით არის წარმოდგენილი კონფლიქტის მოგვარების პროცესში, მათ შორის არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსია, სადამკვირვებლო მისია და ნდობის პოლიტიკის მხარდაჭერა – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე და ახალი სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის კონკრეტულ გზებზე იმსჯელეს. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, მას აქვს იმედი და რწმენა, რომ ევროკავშირი ამ შემთხვევაშიც საქართველოს მჭიდრო პარტნიორი იქნება.

„დღეს ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და აზიის მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შევხვდი. მთავარი თემა იყო ოკუპირებული ტერიტორიები, არსებული მდგომარეობა, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ახალი სამშვიდობო ინიციატივა.

მე მადლობა გადავუხადე ფედერიკა მოგერინის, მთლიანად ევროკავშირს, საგარეო საქმეთა სერვისს ძალიან მკაფიო და სოლიდური მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პერსონალურად არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ ვითანამშრომლებთ ამ ინიციატივის განხორციელების პროცესში, რათა მივაღწიოთ დასახული ამოცანების შესრულებას.

პირველი, ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც 10 წელია მიმდინარე ოკუპაციით ყოველდღიურად იტანჯებიან. მეორე, ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებებში ნდობა უნდა აღვადგინოთ და მესამე, ამით მოვამზადოთ საფუძველი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. დღეს ჩვენი ურთიერთობების ხასიათი და ასოცირების შეთანხმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ახალ ეტაპზე ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელს ეწვია, სადაც ნატო-ს შტაბ-ბინაში, კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების თემაზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.