ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით უწმინდესის ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია
ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით უწმინდესის ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით, უწმინდესის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რბილი ძალა და ინსტრუმენტები, რომელიც რუსეთს აქვს, ქართულ საზოგადოებაში ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით ქეთევან ციხელაშვილმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, თუ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოცემის საკითხი ქართულმა ეკლესიამ რუსულ ეკლესიასთან თანამშრომლობით წარმატებულად მოაგვარა, იქნება თუ არა ეს რუსული რბილი ძალის წარმატებული ისტორია, იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან კი ქართველი მღვდელმსახურები იდევნებიან და იქ რუსი მღვდელმსახურები ჩადიან.

ირაკლი აბსანძემ გადაცემის სტუმარს კომენტარის გაკეთება ელიზბარ ჯაველიძისა და სხვათა ხელმოწერით, გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც სთხოვა, რაზეც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ პერსონალურად ვინმეს შეფასება არ სურს, მაგრამ წერილში გამოქვეყნებულ პოსტულატებს აბსოლუტურად ემიჯნება.

„ვინ რა მიზნებს ემსახურება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უმრავლესობის გამოხმაურება. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი ტიპის ინსტრუმენტებით საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა ვერ მოხდება. ჩვენმა საზოგადოებამ განვითარების გზა აირჩია. ეს არის კოლექტიური სიბრძნე. ეს გზა თავისუფლების გზაა. გზა, რომლითაც საბჭოთა წარსულში არ დავბრუნდებით და მხოლოდ განვითარებული მომავლისკენ, ევროპული მომავლისკენ ვივლით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.