ქეთევან ციხელაშვილი - არ შეიძლება, კითხვის ნიშნები ისმებოდეს ინციდენტების პრევენციის ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მიუღებელია ფორმატის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა
ქეთევან ციხელაშვილი - არ შეიძლება, კითხვის ნიშნები ისმებოდეს ინციდენტების პრევენციის ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მიუღებელია ფორმატის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა

არ შეიძლება, კითხვის ნიშნები ისმებოდეს ინციდენტების პრევენციის ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მიუღებელია ფორმატის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ერგეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჩაშლილ შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოძრაობს თვითნებურად, ისევე როგორც წლების განმავლობაში სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს.

„ეს იმ ვითარებაში, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა საშუალება, რომ მანდატი შეასრულოს და საოკუპაციო ხაზს მიღმა ჰქონდეს წვდომა. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, საქართველოს შუაგულში – როგორც ხაშურის, ისე კასპის, გორის, დუშეთის, საჩხერის, ქარელის მუნიციპალიტეტებში 2008 წლიდან მოყოლებული არის ოკუპირებული სოფლები და ამ პერიმეტრზე საოკუპაციო ძალა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადაადგილდება, ისევე როგორც ამას ადგილი ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დღეს ერგნეთში შედგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ცხინვალის დე ფაქტო წამომადგენლების გასვლის გამო ვერ დასრულდა. ქართული მხარისათვის ეს შეხვედრები, ზოგადად, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამჯერადაც ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მაღალი მნიშვნელობის თემებს“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე თვეში არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას ჰქონდა ადგილი.

„იგივე გუგუტიანთკარში უკანონო ბარიკადების მშენებლობას, ადგილობრივების დაკავებას, გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვებს და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გახლდათ. ამიტომ, ნამდვილად არ შეიძლება, კითხვის ნიშნები ისმებოდეს ამ ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა ფორმატის ჩაშლისა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით ოსურ და რუსულ მედიასაშუალებებში ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა, რომლებიც შემაშფოთებელია.

„ცხადია, ამ განცხადებების შინაარსის განხილვაში ვერ შევალთ და არც არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოლიციის მოქმედებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, მით უფრო ეს სეგმენტი გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. მე არ ვიცი, რას ემსახურება ეს, თუმცა მინდა, მოვუწოდო ყველა პირს, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისა და მით უფრო მოქმედებებისგან, რომლებიც ცალსახად აღიქმება როგორც ვითარების ესკალაციის მცდელობა და შესაძლოა, ადგილზე უსაფრთხოებისათვის დამატებით რისკებს აჩენდეს.

ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგა შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, არაერთი კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რომლებიც ასევე იყვნენ წარმოდგენილნი დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ჩართული გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ინტერესშია, რომ იყოს მშვიდობა და რაიმე დამატებითი რისკები არ შეიქმნას“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.