ქეთევან ციხელაშვილი - ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, პარტნიორებთან მუშაობით ვცდილობთ, შეწყდეს მოსახლეობის მძევლად აყვანა
ქეთევან ციხელაშვილი - ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, პარტნიორებთან მუშაობით ვცდილობთ, შეწყდეს მოსახლეობის მძევლად აყვანა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა ძალიან მტკივნეული საკითხია და თვეებია, პარტნიორებთან მიმდინარეობს მუშაობა, რათა გადასასვლელები გაიხსნას.

„ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვის თემა არის ჩვენთვის ყველაზე მწვავე და მტკივნეული საკითხი თვეების განმავლობაში, რა პერიოდშიც ეს რეჟიმი არსებობს. დაწყებული დიპლომატიური არხებიდან, დასრულებული მოლაპარაკებებით, არაფორმალური არხებით, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან მუშაობით ვცდილობთ, შეწყდეს ფაქტობრივად მოსახლეობის მძევლად აყვანა. გადაადგილების თავისუფლების იმ საკითხებთან დაკავშირება ხდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს, ბუნებრივია ჩვენ ყველა ამას ძალიან კარგად ვხვდებით. მოსახლეობა წარმოუდგენელ გმირობას ჩადის, რომ ამ პირობებს არ ეპუება და ძალიან რთულ ვითარებაში აგრძელებს იქ ყოფნას. ფაქტობრივად, იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი, ადამიანებისთვის გაუსაძლისი ყოფა პირველ რიგში ურტყამს ახალგორელებს, მაგრამ ასევე არანაკლებ აზარალებს ყველას, მათ შორის ოს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში, რომელიც სწორედ ამ რეჟიმის გამო ხდება დაცარიელებული და გასაკვირიც აღარ არის უკვე, რომ 80 პროცენტზე მეტი მოსახლეობა არის გადინებული, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, გაგრძელდება ძალისხმევა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დიპლომატიური არხებით, ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, აიპიარემით, სხვადასხვა არხებით გავაგრძელებთ მუშაობას და დაუღალავ მცდელობას, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა, ელემენტარული ყოფა რაღაცნაირად იქნას გაუმჯობესებული, რაც პირდპაირ ბმაშია გადაადგილებასთან. ის, რომ ხდება ამ საკითხის ჩაბმა იგივე უსაფრთხოების თემებთან, რომლებიც თავისთავად მიუღებელ მოთხოვნებს აყენებენ, მოუღებელია. არანაირი კავშირი არ აქვს ახალგორის მიმართულებით გადაადგილებას, თუნდაც წნელისის საპოლიციო პოსტთან,  ეს არის მოსახლეობის მძევლად აყვანა, სხვა კვალიფიკაციას ვერ მივცემ. თქვენ იცით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა კრიტიკული სამედიცინო საჭიროების მქონე პირებისთვის გადაადგილების უზრუნველსაყოფად. საუბარი იყო მაშინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, პენსიონერებისთვის გადაადგილების შესაძლებლობის მიცემაზე და ველოდებით, რომ ეს ამოქმედდეს ძალიან მალე, რადგან ხალხი არის აბსოლუტურად კრიტიკულ მდგომარეობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალგაზრდებზე, ვისაც უნდათ განათლების მიღება, უბრალოდ ოჯახების შეერთებაზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე. არც ერთი დღე არ მოდუნდება ძალისხმევა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს კრიტიკული საკითხია“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.