ქეთევან ციხელაშვილი - აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არის დღის წესრიგში 
ქეთევან ციხელაშვილი - აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არის დღის წესრიგში 

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილება, მათ შორის საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხება ყველა მტკივნეულ თემას, რომელიც დღის წესრიგშია, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის საკითხს.

„ამ შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არის დღის წესრიგში და თქვენ იცით, რომ უშუალოდ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტია ჩართული და ყველა ფორმატი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები.

ამ შეხვედრის დღის წესრიგში, ასევე არის შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნა ქართული მხარის მიერ და ცოტა ხნის წინ რუსული მხარის მიერ. ამაზე იქნება საუბარი. ჩვენ გვაქვს მკაფიო დღის წესრიგი და ამ ფარგლებში გაიმართება ეს შეხვედრაც“, – განუცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს 24 მაისს შეხვდება. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად იმართება. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ის  შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას.

რუსეთმა საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი.

ზურაბ აბაშიძის თქმით, შვეიცარულ კომპანია SGS-სთან 2011 წელს შემუშავებული კონტრაქტი მხარეებს შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას ითვალისწინებს.