ქეთევან ციხელაშვილი - 7 აგვისტოს გუგუტიანთკართან განვითარებული მოვლენები მიმდინარე ოკუპაციის მორიგი გამოვლინებაა
ქეთევან ციხელაშვილი - 7 აგვისტოს გუგუტიანთკართან განვითარებული მოვლენები მიმდინარე ოკუპაციის მორიგი გამოვლინებაა

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკართან განვითარებული მოვლენები იმის გაგრძელებაა, რაშიც 11 წლის წინ აღმოვჩნდით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მიმდინარე ოკუპაციის მორიგი გამოვლინებაა.

„ამ ეპიზოდზე საქართველოს ხელისუფლების ყველა შესაბამის სტრუქტურას ჰქონდა მყისიერი რეაგირება და, რა თქმა უნდა,  ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ პროცესი შეჩერდეს. დღეის მდგომარეობით, არ მიმდინარეობს არანაირი დამატებითი სამუშაოები. რაც შეეხება გზავნილებს, ბუნებრივია, არარსებული საზღვრის ვერანაირ დემარკაციაზე ვერ იქნება საუბარი, საქართველოს შუაგულში გადის ეს მავთულხლართები, კიდევ ერთხელ 2008 წლის სავალალო მოვლენების შემდგომ, როდესაც უდიდეს პროვოკაციაში აღმოვჩნდით ჩათრეული, ცხადია, ეს იყო რუსული ინტერვენცია და ჩვენი საკმაოდ არაგონივრული პოლიტიკის კომბინაცია, სამწუხაროდ“, – აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პირველ არხთან საუბარში რუსეთის საგარეო უწყებაში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ჩვენ, ქართულ მხარეს გვაქვს სრული მზაობა და არაერთი შეთავაზებები დიალოგისთვის, ნებისმიერი საზოგადოების წარმომადგენელთან, ოსური და აფხაზური მხარის. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება დაკავშირებული აღიარებასა და სტატუსთან, მაგრამ ნებისმიერ სხვა თემაზე ეს მზაობა გამოხატულია და მომავალში ჩვენ მივმართავთ ყველა საჭირო ძალისხმევას, რომ დიალოგი წავახალისოთ. ეს ახალაც მიმდინარეობს და მთავარია, ამას ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე.

„მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, გითხრათ, რომ 11 წლის თავზე ფაქტობრივად ძალიან გახშირებულია კონტაქტები, არის დიალოგიც, სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებთან და ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთ რამეს – ერთი მხრივ, რუსეთის პოლიტიკა, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ არის მოსაწონი იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც, არის მაღალი საჭიროება, რომ ასეთი კონტაქტები იყოს და მესამე, ჩვენ საქართველოს ხელისუფლება დღეს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ნამდვილად არაერთ გზას ვთავაზობთ, რომ ჩვენი ჰუმანიტარული კონტაქტები და თანამშრომლობა ავაწყოთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა.