ქეთევან ციხელაშვილი - ლია გიგაურის გამოცდილება სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს აუცილებლად წაადგება
ლია გიგაურის გამოცდილება სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს აუცილებლად წაადგება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს ლია გიგაურის მის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, განათლების ყოფილ მინისტრ ლია გიგაურს კომპეტენცია არა მხოლოდ განათლების საკითხებში აქვს, არამედ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილებაც გააჩნია.
„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ლია გიგაური თავისი საქმის მაღალი პროფესიონალია. მას და ჩვენ ერთობლივად მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ლია გიგაური არაერთ კომისიაში იყო ჩართული, რასაც ჩვენი აპარატი ხელმძღვანელობდა ან რომელშიც მონაწილეობდა, მათ შორის, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დახმარების თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის კომისიის ფარგლებში. ამიტომ, მას კომპეტენცია არა მხოლოდ განათლების საკითხებში აქვს, არამედ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილებაც აქვს. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილებაც და მისი პროფესიონალიზმი სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს და პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას აუცილებლად წაადგება. ამ მიმართულებაზე კონცენტრირებულად იმუშავებს“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა გრიფირების საკითხზე შესაძლო დანაშაულის ნიშნებს იკვლევს, ლია გიგაურის მის მოადგილედ დანიშვნა რამდენად რელევანტურად მიაჩნია ქეთევან ციხელაშვილს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია.
„რა თქმა უნდა, ყველა სტრუქტურა თავის საქმიანობას განახორციელებს. სადაც კითხვები არსებობს, ამაზე არ შეიძლება ორი აზრი იყოს. რამდენადაც ვიცი, გრიფირების საკითხზე გარკვეული შეკითხვები იყო. ყოველ შემთხვევაში, ვიცი ამას შემხვედრი სასამართლო სარჩელიც აქვს. სამართლებრივ სივრცეში საკითხები აუცილებლად მოკვლეული უნდა იყო, მაგრამ აქ ვერანაირ ბრალზე საუბარი ვერ იქნება და წინასწარ ეჭვების და გარკვეული მოსაზრებების საფუძველზე ადამიანების დისკრიმინირება არ შეიძლება. ყველა სტრუქტურა ყოველთვის, როდესაც კითხვები არსებობს, ამ საქმიანობას უნდა ასრულებდეს. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ეს ალბათ გაგრძელდება და ამ კითხვებსაც პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.