ქეთევან ბაკარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ კორუფციის ფორმალური დაკანონებაც დაიწყო
„ოცნებამ“, რომელიც კორუფციასთან ბრძოლით თავს იწონებს, უკვე კორუფციის ფორმალური დაკანონებაც დაიწყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა.
ბაკარაძის თქმით, „დღეს „ოცნება“ ებრძვის არა კორუფციას, არამედ იბრძვის კორუფციისთვის და უკვე დაკანონებული კორუფციაც ამის ნათელი დასტურია“.
„„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში კობახიძის კაბინეტმა შეიტანა ცვლილება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხელეებს, მათ შორის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე, ასევე შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი, ნაცვლად სარგებლობისა, საკუთრებაში გადაეცეს, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე. დადგენილების მიზანი უნდა იყოს დასაქმებულთათვის ხელშეწყობა უფლებამოსილების განხორციელების ვადით, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფოს კუთვნილების საკუთრებაში გადაცემა სამსახურებრივი მიზნით ვერ აიხსნება და კარგავს ამ მოტივის არსებობის რელევანტურ მიზეზს.
ამასთან, ეს დადგენილება მიიღეს იმ რეალობაში, როდესაც 35 000 დევნილი ოჯახი, უკვე 3 ათწლეულია, ელოდება საცხოვრებელს. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოსგან მხოლოდ 45-ლარიან დახმარებას იღებენ. ეს დადგენილება მიიღეს იმ რეალობაში, როდესაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დევნილთა ქულებით სახელმწიფო თავად ტოვებს ადამიანებს უსახლკაროდ. ეს ქულები მიზერულადაც ვერ ასახავენ დაკარგული სახლის და ომგამოვლილი ადამიანების ცხოვრების სიმძიმეს. მე თავად ვარ აფხაზეთიდან. წლების განმავლობაში ვმუშაობდი დევნილებთან. მუდმივად მქონდა შეხება ამ ოჯახებთან და ზუსტად ვიცი მათი ყოველდღიურობა, პრობლემები და ის აუხდენელი ოცნება – თავზე საკუთარ ჭერი ჰქონდეთ, სადაც გამოსახლების შიშით აღარ იცხოვრებენ. ეს დადგენილება მიიღეს იმ რეალობაში, როდესაც დევნილმა კაცმა რამდენიმე თვის წინ პროტესტის უმძიმეს ფორმას მიმართა და სამინისტროს წინ თავი დაიწვა; ეს დადგენილება მიიღეს იმ რეალობაში, როდესაც რამდენიმე კვირის წინ თვალჭრელიძის ქუჩიდან ათობით ოჯახი გამოასახლეს. საცხოვრებლის გარეშე დატოვეს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები, დევნილები, შშმ პირები“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.