ქეროლაინ ლევიტი - პოლიტიკოსების უმეტესობა საარჩევნოდ დიდ დაპირებებს გასცემს და თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ არ ასრულებს, პრეზიდენტმა ტრამპმა კი დიდი დაპირებები დადო და კიდევ უფრო მეტი შეასრულა
ქეროლაინ ლევიტი - პოლიტიკოსების უმეტესობა საარჩევნოდ დიდ დაპირებებს გასცემს და თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ არ ასრულებს, პრეზიდენტმა ტრამპმა კი დიდი დაპირებები დადო და კიდევ უფრო მეტი შეასრულა

მაშინ როდესაც პოლიტიკოსების უმეტესობა საარჩევნო კამპანიის დროს დიდ დაპირებებს იძლევა და ამ დაპირებებს თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ არ ასრულებს, პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი დაპირებები დადო და კიდევ უფრო მეტი შეასრულა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წლის დასწყისში, როდესაც ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, ამერიკის ეკონომიკა საკმაოდ მძიმე დღეში იყო, ახლა კი ინფლაციის მაჩვენებელი რეკორდულად შემცირდა.

„წლის მიწურული შესანიშნავი დროა იმაზე დასაფიქრებლად, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ ტრამპის თამამი ლიდერობის დროს. იმ სრული არეულობის გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა მემკვიდრეობით მიიღო ჯო ბაიდენისგან და კონგრესში რადიკალი მემარცხენე დემოკრატებისგან, ის, რასაც ამ ადმინისტრაციამ 20 იანვრიდან მიაღწია, უბრალოდ შესანიშნავი იყო.

ბაიდენის მტკივნეული წლების განმავლობაში ინფლაციამ რეკორდულ 9%-ს მიაღწია და ამერიკელების მსყიდველობითი უნარი შეამცირა. პრეზიდენტ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში ინფლაცია, საშუალოდ, მხოლოდ 2.7%-მდე დაეცა, რაც დიდ პროგრესს წარმოადგენს. ასე რომ, გახსოვდეთ ეს შემდეგ ჯერზე, როდესაც დემოკრატები ხელმისაწვდომობაზე საუბარს შეეცდებიან. დემოკრატებს წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ გახადონ ამერიკა უფრო ხელმისაწვდომი. მათ უბრალოდ ბოლო ოთხი წელი დახარჯეს იმ ხელმისაწვდომობის კრიზისის შექმნაში, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ახლა აგვარებს“, – განაცხადა ლევიტმა.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა მიგრაციის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში ქვეყანა კვლავ უსაფრთხო გახდა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა აღადგინა ამერიკის სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყანა კვლავ უსაფრთხო გახადა. ნოემბრის თვის განმავლობაში გამოქვეყნებული უახლესი წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ გვაქვს ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ჩვენი ერის ისტორიაში. ეს შესანიშნავი მიღწევაა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არცერთი არალეგალი არ დაუშვეს. ეს ისტორიული მიღწევაა და ეს არის ის, რისთვისაც ყველა კანონმორჩილი ამერიკელი მოქალაქე მადლიერი უნდა იყოს. ბაიდენის ინფლაციის კრიზისი დასრულდა, ფასები იკლებს, ხელფასები იზრდება, საზღვარი სრულად დაცულია და ამერიკის საუკეთესო დღეები წინ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეასრულა თავისი სიტყვა და ამერიკელი ხალხისთვის ყველაფერი გააკეთა. ის არ შეწყვეტს ბრძოლას, როგორც ამ კვირაში პირდაპირ მისგან მოისმინეთ, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყნის ყველა შტატი უკეთესად არ იქნება“, – აღნიშნა ლევიტმა.