ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება
ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ძენწმანში ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერენ მხარს.

მათივე ცნობით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100 000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ასევე, მიმდინარეობს ხილის გადამამუშავებილი საწარმო „დოლოგანის“ მშენებლობა. პროექტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით და „ქედა ლიდერის“ ფარგლებში ხორციელდება. როგორც აღინიშნა, საწარმოში 14 ადგილობრივი დასაქმდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა.

„ქედაში მიმდინარეობს ორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმოს მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ახერხებს, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ეს პროექტები არ გაჩერდეს.

ამ კონკრეტულ პროექტებს ექნებათ შედეგი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დასაქმების და დამატებითი შემოსავლის მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.