ქედაში ჩხავერის რთველი მიმდინარეობს
ქედაში ჩხავერის რთველი მიმდინარეობს

ქედაში ვაზის უნიკალური ჯიშის, ჩხავერის რთველი მიმდინარეობს. წელს ქედის მუნიციპალიტეტში ჩხავერის ყურძნის 200 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

ქედის მუნიციპალიტეტში, ოთარ ლორთქიფანიძის ვენახში ჩხავერის რთველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„ქედაში აქტიურად მიმდინარეობს ჩხავერის რთველი. ჩხავერი ქედისთვის, აჭარისთვის იქცა ერთ-ერთ პერსპექტიულ ჯიშად. ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა სოფლის მეურნეობამ ადგილზე შეძლოს მეტი შემოსავლის გენერირება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის, ქედის მუნიციპალიტეტში – 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის „მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში 30 ბენეფიციარს 10 000 ძირი ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ვაზის ნერგები გადაეცა.