ქედაში ავარიის დროს დაღუპულთა ცხედრები ავტომობილიდან ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს
ქედაში ავარიის დროს დაღუპულთა ცხედრები ავტომობილიდან ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს

ქედაში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ხუთივე პირის ცხედარი ავტომობილიდან სპეციალური ტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს. ოთხი უკვე  პროზექტურაშია გადასვენებული.

მომხდარის გამო, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეფერხებულია.  პოლიცია ადგილზე სატვირთო ავტომობილებს ამ დრომდე არ ატარებს. ამასთან, გზიდან დაბრუნდა ორი ავტობუსი, რომელსაც ტურისტები ქედაში გადაჰყავდა.

მოძრაობის შეფერხების მიზეზი კი ის გახდა, რომ ავარიაში მოყოლილი მსუბუქი ავტომობილი იმდენად იყო დაზიანებული, მანქანიდან ცხედრების გამოსაყვანად სპეციალური ტექნიკა გახდა საჭირო.

მოძრაობა ავტომაგისტრალზე ეტაპობრივად აღდგება.

ქედაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.  ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.