ქეცბაიასთვის მიუღებელი სცენარი „გენტის“ ქართველებისთვის მისაღები ვარიანტია
ქეცბაიასთვის მიუღებელი სცენარი „გენტის“ ქართველებისთვის მისაღები ვარიანტია

უეფას ბოლო სატელეფონო კონფერენციის შესახებ იტალიური გამოცემა „რეპუბლიკას“ ინფორმაცია თუ დადასტურდა, მაშინ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ევროსარბიელს მიღმა დარჩება და მთელი წლის შრომა წყალში ჩაეყრება.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გამოცემის ცნობით, უეფაში არსებობს ორი სცენარი. ერთი მათგანის მიხედვით, ჩემპიონატის დასრულება შეუძლებელი თუ იქნება, უეფა ბოლო სეზონის შედეგებს გააბათილებს. აქედან გამომდინარე, ევროპულ შეჯიბრებებში უეფა გუნდებს დაუშვებს არა ბოლო სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით, არამედ უეფას რეიტინგში პოზიციის შესაბამისად.

ამ შემთხვევაში, ბელგიური „გენტი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ, გვარიანად იხეირებს, რადგან ბელგიური გუნდებიდან უეფას რეიტინგში პირველ ადგილზეა და ავტომატურად ჩემპიონთა ლიგაში დაიშვება.

სამაგიეროდ, იზარალებს კვიპროსული ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომელსაც თემურ ქეცბაია სოსო ჭედიასთან ერთად ავარჯიშებს და ექვსი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – მეკარეები გიორგი ლორია და ლუკა მიქაია, ასევე ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა.

ფამაგუსტას გუნდი ახლა პირველ-მეორე ადგილს ​ნიქოზიას „ომონიასთან“ იყოფს. არსებული შედეგების საფუძველზე კი, კვიპროსს ჩემპიონთა ლიგაზე „ომონია“, ხოლო ევროპის ლიგაზე – „ანორთოსისი“, „აპოელი“ და „აპოლონი“ წარადგენენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ კვიპროსში ჩემპიონატი არ დასრულდება და უეფა რეიტინგით იხელმძღვანელებს, მაშინ ამ ქვეყნის წარმომადგენლების სია ევროტურნირებზე რადიკალურად შეიცვლება. უეფას რეიტინგის საფუძველზე, ჩემპიონთა ლიგაზე კვიპროსის წარდგენის უფლებას „აპოელი“ მიიღებს, ხოლო ევროპის ლიგაზე – „აპოლონი“, „აელი“ და „აეკი“ იასპარეზებენ. ანუ პირველ-მეორე ადგილზე მყოფი „ომონია“ და „ანორთოსისი“ ევროტურნირების მიღმა დარჩებიან.

კვიპროსული მედიის ცნობით, ასეთი სცენარი უსამართლოც არის და არც ერთ ლიდერ გუნდს არ აწყობს. ამიტომ „ომონია“ და „ანორთოსისი“ მზად არიან, ჩემპიონატი დაასრულონ.