ქეცბაიას საფეხბურთო პროფკავშირებიც მიემხრო - ორგანიზაციამ კვიპროსის პრეზიდენტს მიმართა
ქეცბაიას საფეხბურთო პროფკავშირებიც მიემხრო - ორგანიზაციამ კვიპროსის პრეზიდენტს მიმართა

კვიპროსში ჩემპიონატის შეწყვეტის წინააღმდეგ პირველად ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაილაშქრა. მას მხარდაჭერა ბევრმა გამოუცხადა, ახლა კი, ქართველი სპეციალისტის პოზიცია კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიულმა კავშირმაც (PA.SP) გაიზიარა.

ორგანიზაციამ ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადის სახელზე წერილი გააგზავნა და აცნობა, რომ საფეხბურთო კლუბები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მიღებული შეზღუდვებით სარგებლობენ და ჩემპიონატის დასრულებას ანგარებით ითხოვენ.

„ზოგიერთი საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებმა თავიანთ ფეხბურთელებს უთხრეს, რომ თუ მთავრობა შეზღუდვებს გააუქმებს, ჩემპიონატები შეჩერდება! ისინი ამ მცდელობას ისე წარმოაჩენენ, როგორც სიფრთხილის აუცილებელ ნორმას (!). ჩვენი ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ კლუბები, რომლებსაც ჩემპიონატის შეჩერებას სურთ, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე კი არ ზრუნავენ, არამედ, მათთვის ხელფასის გადახდას არ აპირებენ,“ – ვკითხულობთ კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის წერილში.

ამავე დროს, ორგანიზაციის ადმინისტრაცია გამოთქვამს იმედს, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი ფეხბურთელთა უფლებების შეზღუდვას შეეწინააღმდეგება – „ამიტომ ჩემპიონატების დასკვნითი ნაწილის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ კომპეტენტური ექსპერტების მეცნიერული დასკვნის საფუძველზე, რათა უკანონობა არ დავუშვათ. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში ჩემპიონატები მხოლოდ სამ ქვეყანაში შეწყდა – ნიდერლანდებში, შოტლანდიასა და ბელგიაში. სხვაგან არსად შეწყვეტილა და არცერთ სხვა მთავრობას არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიცაა გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია, რომლებმაც კორონავირუსისგან კვიპროსზე მძიმე დარტყმა მიიღეს, ჩემპიონატების განახლებაზე ფიქრობენ“.