ქეცბაია არ ნებდება - დარჩენილ შვიდ მატჩში მაინც ვიბრძოლებთ #1TVSPORT
ქეცბაია არ ნებდება - დარჩენილ შვიდ მატჩში მაინც ვიბრძოლებთ #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში „ოლიმპიაკოსთან“ მტკივნეული მარცხის (0:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მარცხით, ფაქტობრივად, მისი გუნდი კვიპროსის ჩემპიონობაზე ოცნებას დაემშვიდობა, 52 წლის ქართველი მწვრთნელი ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

„ჩვენ ეს შეხვედრა ცუდად დავიწყეთ და ასევე ცუდადვე დავამთავრეთ. მეტოქე მოედნის ცენტრიდან ორჯერ გადმოვიდა და ორივეჯერ გაგვიტანა. ჩვენ კი ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ როდესაც ვერ იტან, რა შედეგს უნდა ელოდო? რასაკვირველია, როდესაც შენ ვერ გაგაქვს, გოლს თავად გაუშვებ – დღეს სწორედ ასე მოხდა. ბევრი საგოლე შესაძლებლობის მიუხედავად, ზოგადად მაინც ცუდად ვითამაშეთ. „ოლიმპიაკოსმა“ მოახერხა გატანა და მოიგო. შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ მწვრთნელს კითხვა ფაქტობრივად, მიზერულამდე შემცირებულ საჩემპიონო შანსებზე დაუსვეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ბრძოლას აზრი აქვს. ან სხვა რა უნდა ვქნა – დარჩენილი მატჩები უნდა დავთმოთ? მიზანი თითოეული შემდეგი მატჩის მოგებაა და ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ. მოდით ვითამაშოთ დანარჩენი თამაშები და ვნახოთ, ბოლოს რა მოხდება. გარდა ამისა, თასის მოპოვების შანსიც გვაქვს. ასე რომ, ჯერ წინ კიდევ რამდენიმე თამაში გველის”.

შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტელები 29 ტურის შემდეგ 53 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან და საგრძნობლად ჩამორჩნენ „აპოელს“ (63 ქულა), ლიმასოლის „აპოლონსა” (59) და აელ-ს (59), კვიპროსის ჩემპიონატის დასრულებამდე კი 7 შეხვედრაა დარჩენილი.