ქავთარაძემ „სპარტაკის“ დუბლებს გაუტანა - ქართველი საიუბილეო გოლის ავტორი გახდა #1TVSPORT
ქავთარაძემ „სპარტაკის“ დუბლებს გაუტანა - ქართველი საიუბილეო გოლის ავტორი გახდა #1TVSPORT

ბექა ქავთარაძემ რუსეთის პირველ ლიგაში გოლი გაიტანა – მე-40 ტურის შეხვედრაში მისი გუნდი „ნიჟნი ნოვგოროდი“ მოსკოვის „სპარტაკი 2“-ს დაუპირისპირდა და ისევე როგორც პირველ წრეში, მეტოქე 4:0 დაამარცხა.

ბექა ქავთარაძე „ნიჟნი ნოვგოროდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 67-ე წუთზე კი მოედანზე ლეო გოგლიჩიძეც გამოჩნდა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ნიკა ქუთათელაძეს, ის განაცხადშიც არ ყოფილა.

ქავთარაძემ თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის გოლით ანგარიში 2:0 გახდა. ის თანაგუნდელმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ბექას შანსი ხელიდან არ გაუშვია. მას დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, მაგრამ 83-ე წუთზე სტუმართა მეკარემ ქავთარაძის სახიფათო დარტყმა მოიგერია. სულ ქავთარაძემ მიმდინარე სეზონში რუსეთის პირველ ლიგაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი თავდამსხმელის გოლი „ნიჟნი ნოვგოროდისთვის“ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ქავთარაძე კლუბის ისტორიაში 250-ე გოლის ავტორი გახდა. გუნდი მხოლოდ 6 წლისაა – 2015 წლის ივნისს დაარსდა და ცოტა გოლი ამით აიხსნება.

„ნიჟნი ნოვგოროდის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტ ევდოკიმოვმა მატჩი შეაფასა და ქართველის წარმატება გამოარჩია.

„უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით და გოლებიც გავიტანეთ. დიახ, ბოლოს ყველაფერი არ გამოგვდიოდა. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ბექა ქავთარაძემ გაიტანა“, – განაცხადა რობერტ ევდოკიმოვმა.