ქავთარაძემ „ნიჟნი ნოვგოროდში“ 77 ნომერი აირჩია - ამ ნომრით მარცვალაძე თამაშობდა
ქავთარაძემ „ნიჟნი ნოვგოროდში“ 77 ნომერი აირჩია - ამ ნომრით მარცვალაძე თამაშობდა

რუსეთის პირველი ლიგის ლიდერმა, „ნიჟნი ნოვგოროდმა“ ახალგაზრდა ქართველ თავდამსხმელთან, ბექა ქავთარაძესთან (15.06.1999) კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბექამ შეკრებაზე თავი კარგად წარმოაჩინა. გვჯერა, რომ ის ჩვენი გუნდის შეტევის ხაზს გააძლიერებს. საერთოდ, ვფიქრობთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სატრანსფერო კამპანია. ახლა თითოეულ რგოლში გვყავს შემსრულებლები და გუნდში დიდი კონკურენციაა“, – ამბობს „ნიჟნი ნოვგოროდის“ გენერალური დირექტორი რავილ იზმაილოვი.

ქავთარაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, იყო თბილისის „დინამოს“, „რუსთავისა“ და „საბურთალოს“ ფეხბურთელი. არის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი. „საბურთალოს“ შემადგენლობაში მონაწილეობდა ევროპის ლიგის მატჩში. ჯამში, საქართველოს ჩემპიონატში მან 63 მატჩი ჩაატარა, სადაც ანგარიშზე 18 გოლი და 6 პასი ჩაიწერა.

ცნობილი გახდა, რომ ქავთარაძე 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფლანგის შემტევმა ამის მიზეზი განმარტა.

„ოთარ მარცვალაძემ ძალიან კარგად დაახასიათა ნიჟნი ნოვგოროდი და ქალაქის მეორე გუნდი, „ვოლგა“, სადაც ის წლების წინ თამაშობდა, ჩემი არჩევანი კი მოიწონა. „ნიჟნი ნოვგოროდშიც“ მითხრეს, რომ ოთარი  ძალიან უყვართ. ჩემთვის მარცვალაძე დიდი პროფესიონალია, ის „ვოლგაში“ 77 ნომრით თამაშობდა და ნომერი ამიტომაც ავირჩიე, მეც ძალიან მომწონდა. რუსეთის ჩემპიონატი ჩემთვის ახალი გამოწვევა და კარიერის ახალი ეტაპია. „ნიჟნი ნოვგოროდი“ და გუნდში არსებული მეგობრული ატმოსფერო მომეწონა“ – განაცხადა ქავთარაძემ.