ქართველმა რეჟისორმა რატი წითელაძემ ახალი ჯილდო მიიღო
ქართველმა რეჟისორმა რატი წითელაძემ ახალი ჯილდო მიიღო

ქართველმა რეჟისორმა რატი წითელაძემ ახალი ჯილდო მიიღო. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში “სოციუმის პატიმარი” პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ევროპული კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა.

„ეს არის ფილმი, რომელიც არა მხოლოდ ევროპამ, არამედ მსოფლიომ უნდა ნახოს“ – ასე შეაფასა ფილმი საერთაშორისო ჟიურიმ.

ფილმი, რომელიც შემოქმედებითმა ჯგუფმა საკუთარი სახსრებით გადაიღო, Tampere Film Festival-ზე ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი და ასევე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიის გამარჯვებული გახდა, რითაც ოსკარის კვალიფიკაცია მიიღო და 2019 წლის ოსკარზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ამ საოცრად სინტერესო, ინტიმური დოკუმენტური ფილმის მეშვეობით, რეჟისორი ოსტატურად გადმოსცემს სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანის კომპლექსურ გრძნობებს, მათ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და მომავლის შიშს. ეს არის ფილმი, რომელიც არა მხოლოდ ევროპამ, არამედ მსოფლიომ უნდა ნახოს“ — Tampere FF-ის საერთაშორისო ჟიურის შეფასება, რომლის ერთ-ერთი წევრიც Stanley Kubrick-ის პროდიუსერი Jan Harlan-ი გახლდათ.

ფილმი მოგვითხრობს ტრანსგენდერი ქალის, ადელინასა და მისი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებსა და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.