არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, რომლებმაც ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი, ნანგა პარბატი დალაშქრეს.
პაკისტანში მდებარე მწვერვალის სიმაღლეც 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული და თოვლიანი ფერდებით გამოირჩევა. დიდი ოდენობით მოსულმა თოვლმა მთაზე გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა. არსებული სირთულეების მიუხედავად, ექსპედიციამ და მათ შორის, ქართველმა მთამსვლელებმა მწვერვალის დაპყრობა მაინც მოახერხეს.
ისინი უკვე სამშობლოში დაბრუნდნენ და შთაბეჭდილებები საქართველოს პირველ არხს გაუზიარეს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვართ პირველი ქართველები, რომლებმაც ნანგა პარბატი დავლაშქრეთ. ეს სიმაღლით მსოფლიოში მეცხრე მწვერვალია, რომელიც ძალიან რთული დასაპყრობია. ექსპედიციაში მონაწილეობაში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია დაგვეხმარა და მათ მადლობა უნდა გადავუხადო“, – ამბობს ექსპედიციის წევრი გიორგი ტეფნაძე.
არჩილ ბადრიაშვილი – „საამაყოა, რომ პირველი ქართველები ვართ, ვინც ამ უდიდეს მთაზე ფეხი დავდგით. ნანგა პარბატზე ექსპედიციები ხშირად არ ტარდება და თოკების დაკიდება და ბილიკების თავიდან გაკვალვა დაგვჭირდა. ეს ექსპედიციაში ყველაზე რთული სამუშაოა, რომელსაც ქართველები ვასრულებდით. ამინდიც ხელსაყრელი არ იყო, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვა მწვერვალის დაპყრობის სიხარულს უფრო აძლიერებს“.