ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს. ინფორმაციას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს.

ფონდის ინფორმაციით, ძირითადი გუნდის წევრებმა ერთი ოქროს (ლუკა მოსიაშვილი), ერთი ვერცხლისა (იოსებ რიგვავა) და ერთი ბრინჯაოს (ქეთა ციმაკურიძე) მედლები მოიპოვეს. ლუკა მოსიაშვილი ევროპის ოთხ უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მეორე გუნდის წევრმა ლუკა მელაძემ.

13-19 სექტემბერს ქართველი მოსწავლეები უკვე მსოფლიოს 32-ე ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს 30-მდე ქვეყნის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფდნენ.

2020 წელ საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადისთვის შეიქმნა ოფიციალური ვებგვერდი http://ejoi2020.ge, მომზადდა ამოცანები და სპეციალური ავტომატიზებული მატესტირებელი სისტემა.

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.