ქართველი სტუდენტი Facebook-ში გაივლის სტაჟირებას
ქართველი სტუდენტი Facebook-ში გაივლის სტაჟირებას

ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე “ფეისბუქმა” 250 000 სტუდენტიდან, საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და მენლო პარკში, სილიკონ ველიზე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად მიიწვია.

სან დიეგოს უნივერსიტეტის ინფორმაციით, ლუკა ლომთაძე მანამდე სტაჟირებას Facebook-ის სათავო ოფისში გაივლის.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი “ფეისბუქში” აიყვანეს.

ლუკა ლომთაძე კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, – აცხადებს ლუკა ლომთაძე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყოველწლიურად “ფეისბუქში” 250 000 აპლიკაცია შედის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის განხრით, საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე.