ქართველი მსაჯები ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ბათუმში ემზადებიან #1TVSPORT
ქართველი მსაჯები ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ბათუმში ემზადებიან #1TVSPORT

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში სეზონის დაწყებისთვის გუნდებთან ერთად მსაჯებიც ემზადებიან, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მსაჯთა შეკრება ბათუმში მიმდინარეობს, სადაც პირველი ოთხი კატეგორიის 120 მსაჯი მონაწილეობს. ორგანიზატორი სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტია. შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება – მსაჯები ეცნობიან თამაშის წესებთან დაკავშირებულ სიახლეებს და მონაწილეობენ VAR-ის სიმულაციებში.

სემინარებს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი ჯუნეთ ჩაქირი უძღვება. ასევე მონაწილეობენ მატჩების ანალიტიკოსი ერდოღან ქაინაქი და ფიტნესინსტრუქტორი ბერქიე ქირმიზიგილი.

შეკრების გახსნის დღეს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

პირველ დღეს მსაჯებმა ფიზიკური ნორმატივები ჩააბარეს, ხოლო 2025 წლისთვის საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯებს შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან საქართველოს ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ექვსი არბიტრი ეყოლება, მათ შორის, პირველი კატეგორიის ორი მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი და გოგა კიკაჩეიშვილი.

მსაჯთა შეკრება 9 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 28 თებერვალს აიღებს სტარტს.