შოტლანდიური „დანდი“ გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა – ნემსაძის გოლმა 29 წლის შემდეგ ევროსაგზური პირველად მოგვაპოვებინა [ვიდეო] #1TVSPORT

12:22, 22.10.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას შოტლანდიური „დანდი“ გამოეხმაურა.

გიორგი ნემსაძე 21 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი შოტლანდიური კლუბის ღირსებას 2000-2003 წლებში იცავდა, ბოლოს გუნდის კაპიტანი იყო. 2010 წელს კი „დანდის“ საფეხბურთო კლუბის „დიდების დარბაზში“ შეიყვანეს და კლუბისგან სპეციალური ჯილდოც გადასცეს.

„საფეხბურთო კლუბი „დანდი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის ყოფილი მოთამაშისა და კაპიტნის, „დიდების დარბაზის“ წევრის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო.

2000 წელს მთავარმა მწვრთნელმა, ივანო ბონეტიმ „დანდიში“ პირველ შენაძენად გიორგი ნემსაძე მიიყვანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ზურგს ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების გამოცდილება და ევროპულ ფეხბურთში დაგროვილი დიდი ცოდნა უმაგრებდა. მან მალევე აჩვენა თავისი შესაძლებლობები.

ნემსაძე გამოირჩეოდა ტექნიკური თამაშით და კლუბის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. „დანდი იუნაიტედის“ კარში გატანილი ბურთი კი გამოცემა Sunday Herald-თან საუბრისას ნემსაძემ თავის „საუკეთესო მომენტად“ დაასახელა.

ნემსაძემ გაიტანა იმ მატჩშიც, რომელმაც გუნდს იმ სეზონში საუკეთესო ექვსეულში ადგილი გაუნაღდა – მან „აბერდინთან“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ის მატჩი „დანდიმ“ 2:0 მოიგო.

მომდევნო სეზონში ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვე გაუცდა. შემდეგ „დანდიში“ ახალი მწვრთნელი, ჯიმ დაფი დაინიშნა. გუნდმა შოტლანდიის თასზე წარმატებით ითამაშა, რაშიც ნემსაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, „პარტიკთან“ და „ინვერნესთან“ შესანიშნავი გოლები გაიტანა და 1964 წლის შემდეგ პირველად „დანდის“ შოტლანდიის თასის ფინალის საგზური და ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოუტანა.

ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბანეთში „ვლაჟნიასთან“ მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა, მისი შესანიშნავი გადაცემის შემდეგ სტივ ლოველმა ანგარიში გახსნა. ორი თამაშის ჯამში „დანდიმ“ 6:0 მოიგო და შემდეგი ეტაპზე გავიდა.

ამის შემდეგ კლუბში ვითარება შეიცვალა, ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელმაც ხარჯების შემცირების მიზნით ფეხბურთელები გაუშვა, რომელთა შორის ნემსაძეც იყო.

2010 წლის აპრილში „დანდის“ ხელმძღვანელობამ ნემსაძე „დიდების დარბაზში“ შეიყვანა. ჯილდო მას იმ ქალაქში გადასცეს, რომელსაც თავად „მეორე სახლს“ უწოდებდა.

კლუბის სახელით, ვუსამძიმრებთ გიორგი ნემსაძის ოჯახსა და მეგობრებს“.

მსგავსი