ქართველი მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს
ქართველი მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

ქართველი მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს.

მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა.

გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

ვიდეორგოლის რეჟისორია მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძე. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს.

ვიდეოგადაღებები რეგიონში დღეს სრულდება. ქეთი მელუას აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომელიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება, მაყურებელი ეკრანებზე უკვე შემოდგომაზე იხილავს.