მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია. ჩეხეთისა და სომხეთის გრან- პრიზე მოპოვებული ვერცხლის მედლების შემდეგ, ქართველმა მოციგურავეებმა ყოველწლიური ღია საერთაშორისო ტურნირი, „ვოლვოს თასი“ მოიგეს. იუნიორთა კატეგორიის რიგით 37-ე გათამაშებაში, სპორტული ცეკვების სეგმენტში, კაზაკოვამ და რევიამ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და 15 ქვეყნის 24 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს. მათ რუსეთის, იტალიის, უკრაინის, საფრანგეთისა და ინგლისის საკმაოდ გამოცდილ წარმომადგენლებს აჯობეს.
ქართველმა წყვილმა დამაჯერებლად იასპარეზა რიტმულ ცეკვებში და დაგროვებული ქულებით პირველ ადგილზე გავიდა. თავისუფალი პროგრამის არანაკლებ წარმატებით შესრულების შემდეგ მოციგურავეთა პოზიცია კიდევ უფრო გამყარდა. ორი პროგრამის ჯამში კაზაკოვამ და რევიამ 167, 30 ქულა დააგროვეს და თასის მფლობელები გახდნენ.
ქართველი სპორტსმენების მომდევნო სტარტი ვანკუვერის გრან-პრია. კანადის საერთაშორისო ტურნირი 6-9 დეკემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სპორტულ ცეკვებში, ექვს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთან ერთად ქართველი არბიტრი სალომე ჩიგოგიძე მსაჯობდა.