ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოში აღიარებენ
ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოში აღიარებენ

ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრ სალეჰ ალ იასერთან გამართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის „მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

„დღეიდან, ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოშიც აღიარებენ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველოს ჰყავს გამოცდილი და კომპეტენტური მეზღვაურები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ტანკერების მართვაში სპეციალიზდება“, – აცხადებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

საუდის არაბეთის სამეფოს დროშის ქვეშ თანამედროვე სატანკერო ფლოტი ცურავს და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის სამუშაო და სოციალური პირობებიც, რომლებიც ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეზღვაურებს.

„ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად ვგეგმავთ მჭიდრო კომუნიკაციას გემთმფლობელ კომპანიებთანაც“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

სამუშაო შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საუდის არაბეთის სამეფოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ერთობლივი სასწავლო პროგრამების მომზადების, სტუდენტების სასწავლო პრაქტიკით უზრუნველყოფისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.

მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს წარმომადგენლობების თანამშრომლობის შესაძლებლობაც, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება სხვადასხვა კომიტეტსა და ქვეკომიტეტში ერთობლივი მუშაობით.

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ IMO-ს საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი ჰეიკ დეგიმი და საქართველოს ელჩი, IMO-ში მუდმივი წარმომადგენელი სოფიო ქაცარავა.