ქართველი ლეგიონერები | ოთარ კიტეიშვილი და ზურიკო დავითაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ #1TVSPORT
ტრავმით გამოწვეული ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 2-ში, „რეიმსთან“ მატჩში სათადარიგოებში იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. ქართველის გუნდმა 3:2 გაიმარჯვა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატში „უნივერსიტატეას“ ფორმით 82-ე წუთზე გამოჩნდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი „ოცელულს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ გასვლაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო „ზალცბურგს“ (2:0) და 12 ქულით მეორე ადგილზეა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი აგვისტოში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
ლაშა დვალის ცსკა 1948-მა ბულგარეთი ჩემპიონატში პლოვდივის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მცველი, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, ამჯერად განაცხადში არ იყო.
საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილის სალონიკის პაოკი „პანეტოლიკოსს“ დაუზავდა 0:0. ქართველი მეკარე კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.