ქართველი ლეგიონერები - მერებაშვილმა ისევ გაიტანა, ბეგლარიშვილი საუკეთესოა, ხოჭოლავამ ლიგაში თამაში დაიმსახურა
ქართველი ლეგიონერები - მერებაშვილმა ისევ გაიტანა, ბეგლარიშვილი საუკეთესოა, ხოჭოლავამ ლიგაში თამაში დაიმსახურა

უცხოეთში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს. ზოგმა წარმატებულად ითამაშა, ზოგმაც უფერულად, ზოგიც სკამზე დარჩა.

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩი პერმის “ამკართან“ გასვლაზე გია გრიგალავამ ტულას “არსენალის“ ძირითადში დაიწყო, მისმა გუნდმა კი 2:0 მოიგო. თუმცა, მთავარი მოვლენები ქართველი მცველის გარეშე მოხდა – გრიგალავა რომელიც ტრავმის შემდეგ დამცავი ნიღბით თამაშობს, მე-6 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

ჯიმი ტაბიძის “უფამ“ შინ გიორგი ლორიას მახაჩყალის “ანჟის“ 3:2 მოუგო. ქართველეი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. ორი ქართველიც სათადარიგოებში დარჩა და ორივე რუსული პასპორტის მქონე გახლავთ – “უფაში“ მეკარე გიორგი შელია, ხოლო ”ანჟიში” – მცველი გურამ თეთრაშვილი.

„ტოსნო” შინ ყაზანის „რუბინთან” 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში მე-80 წუთზე რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მელქაძე გამოჩნდა. მოსკოვის „დინამო“ შინ „კრასნოდარს” დაუზავდა (0:0), რომელსაც ჯერ თორნიკე ოქრიაშვილი ვერ ეხმარება – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანს მალე დაუბრუნდება.

ქართველები ერთმანეთს უკრაინის პრემიერლიგის ფინალური ექვსეულის პირველ ტურშიც დაუპირისპირდნენ: პოლტავის “ვორსკლამ” ჩემპიონატის ლიდერ დონეცკის “შახტართან” შინ 0:3 წააგო. სანდრო კობახიძე მასპინძელთა ძირითადში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. დონეცკელთა შორის კი დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველზე ილაპარაკა: „ხოჭოლავას “რომას” წინააღმდეგ თამაშას შანსი ნამდვილად აქვს. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა”.

„შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის პირველ პლეი ოფის პირველ შეხვედრაში „რომა” 2:1 დაამარცხა, განმეორებითი კი იტალიაში 13 მარტს ელის. უკრაინის აუტსაიდერთა ექვსეულში უკრაინის მოქალაქე მიხეილ მესხმა ითამაშა – ის კამენსკის „სტალის” ძირითადში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

ესპანეთში ლა ლიგა2-ის ერთ-ერთმა ლიდერმა „კადისმა” 30-ე ტურში ”სევილია ბ”-ს 4:1 სძლია. წარმატებული მატჩების შემდეგ, მოულოდნელად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სათადარიგოებში მოხვდა. ტარაგონას „ხიმნასტიკმა” კი გასვლაზე „გრანადას” 1:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე სტუმართა ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 83-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

ზაქარია ბეგლარშვილის ტალინის “ფლორამ” ესტონეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში “პაიდე” 6:0 დაამარცხა. ბეგლარიშვილი მოედანზე მთავარი მოქმედი პირი – ანგარიში ქართველი ნახევარმცველის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიხსნა, მეორე გოლზე მეკარემ ზაქარიას დარტყმული ბურთი მოიგერია და „ფლორას” ფეხბურთელმა გაიტანა. თავად ბეგლარიშვილმა 45-ე წუთზე კარიდან გამოსულ მეკარეს დახლოებით 30-35 მეტრიდან ბურთი თავზე გადაუგდო და მეტოქის კარი მეოთხედ აიღო. მეორე ტაიმში კი, ბეგლარიშვილმა თავდამსხმელს კარის წინ უპასა და კიდევ ერთი გოლი გავიდა – გოლი და 3 გოლში მონაწილეობა, ასეთია მისი მონაგარი. „ფლორა“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულით პირველ ადგილზეა.

 

დანიის სუპერლიგაში „ჰობრომ” ქართველების „სილკებორგთან” საშინაო არენაზე მხოლოდ ქულა მოიპოვა 1:1. დავით სხირტლაძემ სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ტრავმამორჩენილი მათე ვაწაძე 90-ე წუთზე გამოჩნდა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში შჩეცინის „პოგონმა” 27-ე ტურში წარუმატებლად ითამაშა და საშინაო შეხვედრა „კრაკოვიასთან” 0:3 დათმო. მასპინძელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი მერებაშვილმა კი ისევ გაიტანა. ორიოდე წუთის წინ, პოლონეთში ქართველების გუნდების დაპირისპირება დასრულდა: მერებაშვილის პლოცკის „ვისლამ” ნიკა კაჭარავას „კორონას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. 68-ე წუთზე მასპინძლები მერებაშვილის წაქცევისთვის პენალტს ითხოვდნენ, თუმცა – უშედეგოდ. 89-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შემტევი მეკარესთან პირისპირ დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.