ქართველი ლეგიონერები | ლაშა დვალმა სოფიის ცსკა-ს მოაგებინა #1TVSPORT 
ქართველი ლეგიონერები | ლაშა დვალმა სოფიის ცსკა-ს მოაგებინა #1TVSPORT 

ლაშა დვალმა „ცსკა 1948-ში“ სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა და გუნდს ბულგარული ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერის, „ლუდოგორეცის“ დამარცხებაში დაეხმარა – 1:0.

ეს მატჩი ბულგარეთის ჩემპიონატის ფავორიტების ჯგუფში გაიმართა, სადაც ცსკა-მ რაზგრადის გუნდს უმასპინძლა. ქართველმა მცველმა თავი ჯერ მე-18 წუთზე გამოიჩინა, როდესაც ცარიელი კარიდან „ლუდოგორეცის“ თავდამსხმელის დარტყმული ბურთი გამოიტანა, მეექვსე დამატებულ წუთზე კი მეტოქის საჯარიმოში გაიხსნა, ზუსტად დაარტყა და – 1:0.

ამ მოგებით ცსკა მეორე ადგილზე გადავიდა. დვალმა მიმდინარე სეზონში უკვე 6 საგოლე მოქმედება ჩაიწერა (2 გოლი + 4 საგოლე გადაცემა), რაც მცველისთვის შესანიშნავი შედეგია.

ჩინეთის სუპერლიგაში თავი „შანდუნის“ ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა და „ჩონგკინგის“ დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა – 3:1. ყაზაიშვილმა საგოლე პასი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 7 საგოლე მოქმედება დაუგროვდა – 2 გოლი და 5 ასისტი.