ქართველი დელეგატი ქალთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალზე იმუშავებს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სფფ-ის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ნაკაიძე, უეფა-ს დელეგატის სტატუსით, ქალთა ევროპის ჩემპიონატზე იმუშავებს.
ქალთა ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 2-27 ივლისს იმართება, შვეიცარიის რვა ქალაქი მასპინძლობს. სფფ-ის ინფორმაციით, ირაკლი ნაკაიძე, უეფა-ს დელეგატის სტატუსით ჯგუფური ეტაპის სამ მატჩზეა დანიშნული.
გარდა ამისა, სფფ-ის წარმომადგენელი მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებზეც იმუშავებს. იგი უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე უეფა-ს დელეგატად არის წარმოდგენილი.
ევროპული ქალთა საფეხბურთო კალენდრის მთავარი სანაკრებო ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც ევროპის უძლიერესი ნაკრებები მონაწილეობენ – წელს ჩემპიონობისთვის 16 ნაკრები იბრძვის.