ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის კახეთში სპორტული და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა
ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის კახეთში სპორტული და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით კახეთში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

განათლების სამინისტროს ცნობით, სამდღიანი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში უკრაინელმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობაში, რომელიც ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ქართული და უკრაინულენოვანი სექტორების მოსწავლეები.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტის ორგანიზატორია „განათლების საერთაშორისო ლაბორატორია“. პროექტის მიზანია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსწავლეების ქართველ თანატოლებთან ინტეგრაცია და გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1000-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 400-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.