ქართველებმა ლიგა ენდესა წარმატებით დაიწყეს [ვიდეო]
ქართველებმა ლიგა ენდესა წარმატებით დაიწყეს [ვიდეო]

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საწყისი ტური ქართველი კალათბურთელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ საკუთარ არენაზე ვალენსია მიიღო და 86:73 დაამარცხა.

შერმადინს შეხვედრა სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, მოედანზე კი 16:34 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა აქტივში 10 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა. შერმადინმა 10-დან 5 ორქულიანი ზუსტად გამოიყენა.

მომდევნო „უნიკახა“ სტუმრად „ფუენლაბრადას“ დაუპირისპირდება.

ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო „ბასკონიამაც“. თორნიკე შენგელიას გუნდმა „სარაგოსა“ 99:76 დაამარცხა და სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ბასკთა ქართველი კაპიტანი დასახელდა. შენგელიამ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25:32 წუთში, გუნდს 21 ქულა მოუტანა. მის აქტივში ასევე 8 მოხსნა და 6 პასიც იყო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ მეტ ჯენინგმა „ბასკონიას“ რიგებში 21:57 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 11 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი გამოიმუშავა. 

 

მეორე ტურის მატჩს „ბასკონია“, სტუმრად „’ბურგოსის“’ წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

 

ესპანურ „ლიგა ენდესაში“ მოთამაშე კიდევ ერთი ქართველის – ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოა ბასკეტი“, თავის შეხვედრას დღეს სან სებასტიანში გამართავს. ბურჯანაძის გუნდის მეტოქე, პირველ ტურში „ფუენლაბრადა“იქნება.