ქართველების მეტოქეს გეგმები კორონავირუსმა აურია - ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი ახალ კონტრაქტს აფორმებს #1TVSPORT
ქართველების მეტოქეს გეგმები კორონავირუსმა აურია - ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი ახალ კონტრაქტს აფორმებს #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ბულგარეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ მწვრთნელს, იასენ პეტროვს არ უშვებენ და მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – ამის შესახებ ბულგარული გამოცემები იუწყებიან.

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირთან ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იასენ პეტროვს კონტრაქტი 20 იანვარს ეწურება, მაგრამ ის პოსტზე რჩება და ხელშეკრულებას მალე განაახლებს. ეს გასულ კვირას იგეგმებოდა, მაგრამ არ მოხდა იმის გამო, რომ პეტროვს კორონავირუსი დაუდასტურდა, პლოვდივშია და სახლიდან 13 დღის განმავლობაში არ გასულა.

ნოემბერში იყო ინფორმაცია, რომ იასენ პეტროვი ბულგარეთს ტოვებდა, რადგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ერთ-ერთ ქვეყანაში უზარმაზარი ხელფასით დააინტერესეს.

„ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელს, იასენ პეტროვს ძალიან კარგი შეთავაზება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის კლუბიდან ჰქონდა. ხელფასი თითქმის ორჯერ აღემატებოდა მის სანაკრებო ანაზღაურებას. თუმცა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ არ წასულიყო, რადგან თავისი დიდი მიზნის მიღწევა სურს. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ სურს ბულგარეთის ნაკრების გაახალგაზრდავება და მაღალი დონის გუნდის აშენება, რომელიც საბოლოოდ დიდ ტურნირზე მოხვდება“, – წერს ბულგარული გამოცემა blitz.