ქართველების გუნდს ფიფამ ტრანსფერები შეუჩერა
ქართველების გუნდს ფიფამ ტრანსფერები შეუჩერა

ყაზანის „რუბინს“, სადაც ქართველი ფეხბურთელები ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ, შესაძლოა, ფიფამ ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია აუკრძალოს, მიზეზი კი სლოვენიურ კლუბ „ოლიმპიასთან“ დავაა – იუწყება ტელეგრამ-არხი „მუტკო პროტივ“.

წყაროს ცნობით, ლუბლიანას საფეხბურთო კლუბმა „ოლიმპიამ“ საჩივარი გააგზავნა ფიფაში. საქმე ისაა, რომ მისი ყოფილი მოთამაშის, ხორვატ ფილიპ ურემოვიჩის ტრანსფერის თანხა ყაზანურმა გუნდმა დაგვიანებით გადაიხადა. ამის გამო ფიფამ რუსულ კლუბს საურავი დააკისრა.

„ყაზანის „რუბინი“ ჯარიმის გადახდას აგვიანებს. გავრცელებდა ინფორმაცია, რომ პროცესის დროს „რუბინმა“ მოახერხა ჯარიმის ოდენობის 10-ჯერ შემცირება, მაგრამ ეს თანხაც ვერ გადაიხადა. ამის გამო, „რუბინი“ ახალი მოთამაშეების დარეგისტრირებას ვერ შეძლებს“ – ამტკიცებს ტელეგრამ-არხი.

ურემოვიჩი „რუბინში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ხორვატმა 18 მატჩი ჩაატარა.