ქართველების გუნდები პლეი ოფში ითამაშებენ - „ჰამბურგი“ ბუნდესლიგისთვის იბრძოლებს, „დრეზდენი“ - ადგილის შესანარჩუნებლად #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ როსტოკში „ჰანზასთან“ ბოლო ტურის შეხვედრა მოიგო და ბუნდესლიგაში გადასასვლელ მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
მეორე ბუნდესლიგის 34-ე ტურის გასვლით შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა ამჯერადაც არ ათამაშა და ქართველი შემტევი გუნდის წარმატებას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს.
მატჩი „ჰამბურიგისთვის“ ცუდად დაიწყო – „ჰანზა“ მე-13 წუთზე დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ „ჰამბურგმა“ მეორე ტაიმში შეხვედრის შემოტრიალება და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება მოახერხა – 2:3.
მეორე ბუნდესლიგაში გამართული 34-ე ტურის შემდეგ „ჰამბურგმა“ 60 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „დამშტადტმა“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით კონკურენტს გადაასწრო და საბოლოო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. ბუნდესლიგის საგზური პირდაპირი გზით მოიპოვეს „შალკემ“ (65) და ბრემენის „ვერდერმა“ (63),
უკვე ცნობილია, რომ მთავარ გერმანულ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში „ჰამბურგი“ ბუნდესლიგის ბოლოდან მესამეადგილოსან „ჰერტას“ დაუპირისპირდება – 19 მაისს ბერლინში, ხოლო 23 მაისს საკუთარ მოედანზე.
ბოლო ტურში გურამ გიორბელიძის დრეზდენის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „აუესთან“ წააგო – 0:1. ქართველმა მცველმა დრეზდენელთა რიგებში 85 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი ბოლოდან მესამე ადგილზე აღმოჩნდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მესამე გერმანული ლიგის მესამეადგილოსან „კაიზერსლაუტერნს“ 20 მაისს გასვლაზე დაუპირისპირდება, ხოლო 24 მაისს სახლში მიიღებს.