ქართველების ევროსეზონი - ბეგლარიშვილმა გოლით დაიწყო
ქართველების ევროსეზონი - ბეგლარიშვილმა გოლით დაიწყო

უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ესტონეთის ჩემპიონატი განახლდა, რომელიც ზაქარია ბეგლარიშვილმა გოლით დაიწყო.

პირველ ტურში მისმა გუნდმა, ტალინის „ფლორამ“ საშინაო არენაზე ვილიანდის „ტულევიკს“ 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა. 27 წლის ქართველი ესტონეთის მოქალაქეობის მიღებას და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშს აპირებს. ტრადიციულად, ზაქარია „ფლორას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში, გიორგი ჭანტურიას ეკატერინბურგის „ურალი“ მოსკოვის ცსკა-ს ესტუმრა და 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სათადაროგოთა შორის მოხვდა, მოედანზე კი 66-ე წუთზე გამოჩნდა. „ურალი“ 25 ქულით მე-9 ადგილზეა.

გიორგი ლორიამ მახაჩყალის „ანჟიში“ შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი ყაზანის „რუბინი“ ვერ დაამარცხა 1:1. „ანჟი“ მე-14 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერ-ლიგის 22-ე ტურში „ვორსკლამ“ პოლტავაში ოდესის „ჩერნომორეცს“ უმასპინძლა და 2:1 სძლია. მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს, საგოლე შეტევა კი სანდრო კობახიძემ წამოიწყო – ის შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე ანდრო გიორგაძემ შეცვალა. „ვორსკლა“ 37 ქულით მესამე ადგილზეა.

საინტერესოა, რომ ოდესის „ჩერნომორეცი“ ახლახან ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა ჩაიბარა.

ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავას „სპარტაკი“ კვლავ სლოვაკეთის ლიგის ლიდერია. თუმცა, ბოლო ტურში „დუნაისკა სტრედას“ გასვლაზე ვერ აჯობა 0:0. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ტრენჩინში“ კი, რომელმაც გასვლაზე „ზლატე მორავცე“ 4:1 დაამარცხა, გიორგი ბერიძე განაცხადშიც არ ყოფილა – 20 წლის ქართველი თავდამსხმელი ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

18 წლის გიორგი ჩაკვეტაძე კი „გენტის“ ძირითადში პირველად გამოჩნდა. ბელგიის ჩემპიონატის 29-ე ტურში მისი გუნდი „ოსტენდესთან“ საშინაო არენაზე ბოლო წამზე გაშვებული გოლით 2:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი 67-ე წუთზე შეცვალეს. „გენტი“ 47 ქულით მე-4 ადგილზეა. ქართველების „ბალმაზუივაროშმა“„პაკშის“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 0:0. „ბალმაზუივაროშის“ შემადგენლობაში მხოლოდ ბაჩანა არაბული მოხვდა, რომელიც 49-ე წუთზე შეცვალეს – მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა. 79-ე წუთზე მოედანზე ლაშა შინდაგორიძე გამოჩნდა, ირაკლი მაისურაძეს კი არ უთამაშია. „ბალმაზუივაროში“ 23 ქულით მე-10 ადგილზეა.