ქართველები ყაზახეთში - მხოლოდ ლობჯანიძემ ითამაშა, თოთაძემ ოპერაცია გაიკეთა, ერთი მატჩიც თოვლმა ჩაშალა #1TVSPORT
ყაზახეთში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო. პრემიერლიგის გუნდებში რამდენიმე ქართველი ირიცხება, მაგრამ პირველ ტურში მხოლოდ გუჯა ლობჯანიძემ ითამაშა.
28 წლის თავდამსმხმელის გუნდმა, კოსტანაის „ტობოლმა“ „აკჟაიკს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
შოთა გრიგალაშვილის და რომან ჭანტურიას პეტროპავლოვსკის „კიზილჯარას“ გასვლაზე შიმკენტში „ორდაბასთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი გადაიდო – მიზეზი დიდთოვლობა გახდა, შიმკენტში მოედანი ვერ გაწმინდეს და საბოლოოდ, მატჩის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა.
„აქტობე“ აქტაუში „კასპიისკის“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ლაშა თოთაძე სტუმართა შემადგენლობაში არ იყო და არც – განაცხადში. არადა, ქართველი მცველი გუნდში თებერვალში ჩაირიცხა და მას შემდეგ ბევრი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.
როგორც შევიტყვეთ, ლაშას თურქულ შეკრებაზე უსიამოვნო ამბავი შეემთხვა – ანტალიაში შეკრების დროს მწერმა უკბინა, წვივი გაუსივდა და დაუჩირქდა, რის გამოც 10 დღის წინ ოპერაცია გაიკეთა. 31 წლის გამოცდილ მცველს სამკურნალოდ 3 კვირა დასჭირდება.