ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანი პარიზშიც მედლისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ქალი ძიუდოისტებიდან პირველი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იასპარეზებს. იგი თავის წონაში რეიტინგში მეექვსეა და ხელსაყრელი წილისყრის შემთხვევაში მედლისთვის ბრძოლა არ უნდა გაუჭირდეს.
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე ეთერ ლიპარტელიანი ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს კი იმავე დისციპლინაში კონტინენტის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა 2024 წელს თბილისის გრანდ სლემი მოიგო, იგი არის გრანპრისა და გრანდ სლემის ტურნირების მრავალგზის პრიზიორი.
ლიპარტელიანი პარიზის ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია – ის ოლიმპიურ თამაშებზე 29 ივლისს იასპარეზებს.