ქართველები ევროტურნირებზე - კიტეიშვილმა საგოლე პასი ჩაიწერა, კანკავამ ფარერელებთან მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ლიგასა და კონფერენს ლიგაზე ითამაშეს, „შტურმში“ ოთარ კიტეიშვილმა თავი საგოლე პასით გამოიჩინა.


ევროპის ლიგა


ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, „მიოლდესთან“ შეხვედრაში „ყარაბაღის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგოთა შორის იყო – კარში კი, „ადანა დემირსპორში“ გადასული შაჰრუდინ მაჰამადალიევის ნაცვლად, „ლევერკუზენიდან“ დამატებული ანდრეი ლუნევი იდგა, რაც ქართველი მეკარის პერსპექტივისთვის სახარბიელო ამბავი არ არის. მატჩი აზერბაიჯანულმა კლუბმა 1:0 მოიგო.

„მარსელთან“ საშინაო შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძე ვერც „აიაქსის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და შეცვლაზეც არ მიეცა თამაშის შანსი. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ამსტერდამულ კლუბში ჯერ არ ენდობიან.

ოთარ კიტეიშვილი პირველივე წუთებიდან იყო გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც „სპორტინგს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. 58-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ვილიამ ბოვინგმა კი დამატებაზე ანგარიში გახსნა. 10 წუთში კიტეიშვილი შეცვალეს, ავსტრიელებმა კი ამის შემდეგ ორი გოლი გაუშვეს.


კონფერენსლიგა


კონფერენცლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ ფარერის კუნძულების „კლაკსვიკს“ საშინაო არენაზე უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო, გურამ კაშია ვლადიმირ ვაისმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

ვასილიოს გორდეზიანის სალონიკის პაოკ-მა ფინურ ჰიკ-თან გასვლითი შეხვედრა 3:2 მოიგო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი განაცხადში არ ყოფილა.