ქართველ მთამსვლელებს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“ საფრანგეთში, ქალაქ ბრიანსონში გადაეცათ #1TVSPORT
ქართველმა მთამსვლელებმა ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ დაიმსახურეს – არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მწვერვალი სარაგრარი დალაშქრეს, რომლის სიმაღლეც 7 300 მეტრია. ჩვენმა ალპინისტებმა მწვერვალის დასალაშქრად უნიკალური მარშრუტი აირჩიეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულ მიღწევად შეფასდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია საფრანგეთში, ქალაქ ბრიანსონში გაიმართა.
თეა წულუკიანი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი: „მინდა, მათ მივულოცო და მადლობა ვუთხრა ძალიან დიდი შრომისთვის, ვინაიდან ამგვარი ტიპის გამარჯვება მთაში, არა მხოლოდ ფიზიკური ძალისხმევის შედეგია, არამედ არის ფსიქოლოგიურად საკუთარ თავზე გამარჯვება. მინდა, მადლობა ვუთხრა, რომ ქართული დროშა აღმართეს დაულაშქრავ მწვერვალზე და ასახელეს საქართველო“.
არჩილ ბადრიაშვილი – მთამსვლელი, „ოქროს წერაყინის“ ჯილდოს მფლობელი: „ოქროს წერაყინი“ ალპინიზმში უმაღლესი ჯილდოა – მთამსვლელობის „ოსკარი“. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ პირველ ქართულ „ოქროს წერაყინს“. დიდი და ისტორიული დღეა ჩვენი მთამსვლელებისთვის, ჩვენი სპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“.
ბაქარ გელაშვილი – მთამსვლელი, „ოქროს წერაყინის“ ჯილდოს მფლობელი: „ისტორიაში პირველად, ქართველებმა „ოქროს წერაყინი“ დავიმსახურეთ, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ჯილდოა. სამი ქართველი ვიყავით ამ ექსპედიციაში – გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი და ბექარ გელაშვილი. პირადად მე ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ჯილდოს როდისმე მივიღებდით. მისი მიღება მთასვლელების ოცნებაა“.