„ქართუს“ დაფინანსებით, დაბა საგურამოში ორ ჰექტარზე გაშენებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
„ქართუს“ დაფინანსებით, დაბა საგურამოში ორ ჰექტარზე გაშენებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, დაბა საგურამოში ორ ჰექტარზე გაშენებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ადგილზე მოეწყო საბავშვო სივრცე, ამფითეატრი და სათამაშო მოედანი. სკვერის ტერიტორიაზევე დაიდგა დავით გურამიშვილის ძეგლიც.

დღეს სკვერის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღესვე სკოლის ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეებს დავით გურამიშვილს შემოქმედებაზე ესე უნდა დაეწერათ, ხოლო სამ გამარჯვებულ სხვადასხვა თანხის ოდენობით ტექნიკის ვაუჩერები ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.

„საგურამოში, ამ ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა. აქ ადრე სამხედრო ნაწილი იდგა, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული. მერე იყო სამხედრო გადამზადების ცენტრი და ამის შემდეგ მოხდა ტერიტორიის სრული აოხრება. აქ იყო ანტისანიტარიისა და ჭუჭყის ბუდე. ეს ყველაფერი გალამაზდა. „ქართუმ“ იზრუნა იმაზე, რომ მოეწყო მუნიციპალური პარკი. დაახლოებით ერთი მილიონი ლარი არის ჩვენი ინვესტიცია აღნიშნულ პროექტში. მოეწყო სპორტული სივრცე, დასვენების სივრცე. აქ არის ამფითეატრი, რომელიც სკოლას შეუძლია გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის და რაც მთავარია, დაიდგა დიდი ქართველის, დავით გურამიშვილის ძეგლი. კონკურსის შესაბამისად იყო შერჩეული ბევრ ნამუშევარს შორის. ძალიან მიხარია, რომ ეს ლამაზი კუთხე შეიქმნა საგურამოში მოსახლეობისთვის. ყველაფერი დაიწყო 2017 წელს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეწვია აქაურობას, აღნიშნა გულისტკივილით, თუ რა დღეში იყო აქაურობა და ამის შემდეგ, საქმეში ჩაერთო „ქართუ“ და განხორციელდა ამ პარკის მშენებლობა“, – განაცხადა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

დატოვე კომენტარი