„ქართულმა ოცნებამ“ მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ“ მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტების წინსვლასა და მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას სჭირდება კვალიფიციური კადრები და სწორედ ამ პრინციპით და აქედან გამომდინარე შევარჩიეთ მერობის კანდიდატები. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც გვჯერა კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ვართ დარწმუნებული, რომ ამ ადამიანებს საუკეთესოდ ესმით ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის საჭიროებები და შესწევთ უნარი, წარმატებით იზრუნონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე”

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზუგდიდში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა გიორგი შენგელია.

„გიორგი შენგელიას აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ის ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. უკანასკნელ პერიოდში, ის ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა და დარწმუნებული ვართ, მისი მერობის პირობებში, ჩვენი საამაყო ქალაქი, ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მარნეულში მერობის კანდიდატი იქნება ზაურ დარგალი.

„ზაურ დარგალი არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა. ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი. გვჯერა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ასეთივე წარმატებით გაუძღვება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც „ქართული ოცნების“პოლიტიკურმა მდივანმა განაცხადა, ზესტაფონში მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იქნება.

„წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა „ნაცმოძრაობის“ არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს, რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ამ მუნიციპალიტეტს და ვართ დარწმუნებული, რომ მასთან ერთად, ზესტაფონის წინაშე არსებულ პრობლემებს სწრაფად გადავჭრით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჭიათურაში მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე იქნება.

„გივი მოდებაძემ გივიმ ასევე კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და პოტენციალი. დარწმუნებული ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული მერი, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ხულოს მერობის კანდიდატად წარდგენილია ვახტან ბერიძე.

„ვახტან ბერიძე ზედმიწევნით კარგად იცნობს ხულოს. ის დღემდე, ბოლო დრომდე ამ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ მხარეს აქვს უდიდესი კულტურული, ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდის კოორდინირებული მუშაობით, ამ პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.