ქართული თხილის ექსპორტი გაიზარდა
ქართული თხილის ექსპორტი გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 5 458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 2 092 ტონით აღემატება.

სამინისტროს ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში – 1 747. 4 ტონა, იტალიაში – 922. 1 ტონა, ჩეხეთში – 338 ტონა, პოლონეთში – 192 ტონა, ესპანეთში – 165 ტონა, ლიეტუვაში – 160.7 ტონა, საფრანგეთში – 147 ტონა, საბერძნეთში – 74.7 ტონა, ავსტრიაში – 22 ტონა და ესტონეთში – 22 ტონა.

ამასთან, სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, უკრაინა, ბრაზილია, მექსიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, მონტენეგრო და აშშ-ი.

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.