ქართული თხილის ექსპორტი 49 პროცენტით გაიზარდა
ქართული თხილის ექსპორტი 49 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 15.3 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით, ანუ 49%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით, ანუ 51%-ით აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში – 4 165 ტონა, იტალიაში – 3 766 ტონა, ჩეხეთში – 716 ტონა, ლიეტუვაში – 442 ტონა, პოლონეთში – 376 ტონა, ესპანეთში – 430 ტონა, ბულგარეთში – 345 ტონა, საფრანგეთში – 359 ტონა, ლატვიაში – 128 ტონა, საბერძნეთში – 97 ტონა, ესტონეთში – 88 ტონა, სლოვაკეთში – 86 ტონა, ლუქსემბურგში – 84 ტონა, ბელგიაში – 44 ტონა, ავსტრიასა – 22 ტონა და ხორვატიაში – 10 ტონა.

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (873 ტონა), რუსეთი (713 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (444 ტონა), უკრაინა (290 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (166 ტონა), შვეიცარია (89 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

დატოვე კომენტარი