ქართული თაფლი კანადაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს 
ქართული თაფლი კანადაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს 

კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე – Apimondia 2019 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქართული თაფლის მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს.

გამოფენის ძირითად თემა წელს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი იყო.  გამოფენა Apimondia 2019 მეფუტკრეობის დარგში უახლესი ტექნოლოგიების მიღწევებს ეძღვნება, სადაც მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, სამეცნიერო მიმართულების ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ.

სამინისტროს ინფორმაციით, „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“, „ნენას“ და „მერსი კორპის“ მიერ წარდგენილმა თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

გამოფენის ფარგლებში, მონრეალში მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესი და სიმპოზიუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი დაესწრო. სიმპოზიუმზე შვიდი თემატური ჯგუფი შეიქმნა – დაავადებასთან ბრძოლა; კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ახალი რეალობა; ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სიახლეები; სოფლის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი; მედიცინაში ფუტკრის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების მნიშვნელობა; ფუტკრის გენეტიკური გაუმჯობესება; პესტიციდების გავლენა ფუტკარზე.

„ქართული დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ემსჯელათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც მსოფლიოში დარგის განვითარების მიმართულებით არსებობს. გამოფენაზე მკვლევარებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამეცნიერო მიმართულებით უახლესი მიღწევები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. ჩვენთვის საამაყოა, რომ პირველად მოხდა ასეთი მასშტაბის გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენა. მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიოსთვის წარედგინათ უნიკალური თვისებების მქონე ქართული თაფლი, ამავდროულად, მიეღოთ ინფორმაცია სიახლეებზე, რომელთა დანერგვაც ხელს შეუწყობს ქართულ თაფლს ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

მონრეალში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე, ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.