ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა
ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „ეშვი ქიდს“ (Eshvi Kids) მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ Eshvi Kids იაპონურ კომპანიასთან „როჰერმან“ (Roherman) ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენაზე „პიტი ბიმბო“ (Pitti Bimbo) დაამყარა. ზემოხსენებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც.

გამოფენა Pitti Bimbo 2019 წლის ივნისის თვეში, ფლორენციაში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, აღნიშნულ კომპანიასთან ერთად, კიდევ სამი ქართული კომპანია „ჟირაფი“, „ანცი“ და „სპილოუ“ იყო წარმოდგენილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

დატოვე კომენტარი