„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობებზე იმსჯელეს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ორშაბათს დაასახელებენ, ვინ იქნებიან წარდგენილი კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებზე, ასევე დაასახელებენ ვიცე-სპიკერებს.
„ორშაბათს დილით მოგვიწევს, დავასახელოთ კომიტეტების ხელმძღვანელები, საპარლამენტო ლიდერები, ვიცე-სპიკერები და ასე შემდეგ. რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი არ გვექნება ძველ თანამდებობის პირებთან, საპარლამენტო თანამდებობის პირებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს პარლამენტში მოქმედი წევრები არიან. ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, გვექნება გადანაცვლებები ან დაწინაურებები. რა თქმა უნდა, გვექნება გარკვეული სიახლეებიც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მედიის წარმომადგენელმა მდინარაძეს კითხვა დაუსვა, ხომ არ დაიკავებს თეა წულუკიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობას, რაზეც მდინარაძემ აღნიშნა:
„მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ორშაბათს დილით ვილაპარაკებ, საიდუმლოს ნაწილი გაგანდეთ, ვთქვი, რომ საპარლამენტო თანამდებობის არცერთი პირი, რომელიც დარჩა საქართველოს პარლამენტში და იყო სიაში, არ დაკარგავს თავის წინა პოზიციას და თანამდებობას. ქალბატონ თეაზე თუ საუბრობთ, რა თქმა უნდა, მშვენიერი კანდიდატურაა ისიც, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს, თუმცა ამაზე დეტალურად ორშაბათს“.