„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოსთხოვს საქართველოს
საქართველოს ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ასე შემდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოსთხოვს საქართველოს.
„ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც სერიოზულ მოთამაშეთაგან მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს და ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული. „ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში – 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით – „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს. ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.